მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო კონკურსი „მეცნიერების თასი - 2024/2025“ თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეთათვის. იგი მიზნად ისახავდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას.
შესარჩევი ტურები ტარდებოდა დისტანციურად, ხოლო ფინალური ტური ჩატარდა ცოცხალ რეჟიმში, თსუ პირველ და მეორე კორპუსებში. აღსანიშნავია, რომ სკოლების და მოსწავლეების დაინტერესება იყო ძალიან მაღალი. შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღო საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების 61 გუნდმა. ფინალში გადავიდა 15 გუნდი. გამარჯვებულები (I, II, და III ადგილებზე გასული გუნდები) დიდი ემოციებით შეხვდნენ შედეგებს. ფინალში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით. პირველი ადგილის მფლობელს გადაეცა მეცნიერების თასი. ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა პოპულარული ლექციები, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ლაბორატორიები, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ობსერვატორია.
სამეცნიერო კონკურსი „მეცნიერების თასი“ ყოველწლიურად გაიმართება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე.